ფონ დერ ლაიენმა სერბეთს შეახსენა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, აუცილებელია საგარეო პოლიტიკის, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების, სინქრონიზაცია

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სერბეთს შეახსენა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, აუცილებელია საგარეო პოლიტიკის, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების, სინქრონიზაცია. ამის შესახებ მან ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე განაცხადა.
ვუჩიჩმა გაიხსენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოყოლებული სერბეთს ევროკავშირთან მოლაპარაკებების არც ერთი სექცია, არც ერთი კლასტერი არ გაუხსნია, თუმცა, მისი აზრით, ზოგიერთი რამ კარგად გაკეთდა.
მისი თქმით, განცხადებები სერბეთის ევროკავშირში 2025 წლისთვის გაწევრიანების შესახებ იმ პერიოდში გაკეთდა, როდესაც ევროკომისიის სათავეში სხვა პირები იყვნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ არავინ აღიქვამდა სერიოზულად.
„ჩვენ შევეცდებით, განვახორციელოთ ის, რასაც რეფორმების დღის წესრიგს უწოდებენ და იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერში ევროკავშირის მხარდაჭერა გვექნება და ბრიუსელში ჩვენს ხმას გაიგონებენ. ეს ყოველთვის ადვილი არ არის და არც ისე ადვილია მისი სრულად წარდგენა აქ მყოფი ადამიანებისთვის“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ახლა დროა, სერბეთმა გაწევრიანებისკენ ნაბიჯები გადადგას.
„პირველ რიგში, პროგრესი კანონის უზენაესობის, მედიისა და საარჩევნო კანონმდებლობის სფეროში. ღირს ამ ძალისხმევაში ინვესტიციის ჩადება, რადგან ისინი თქვენს მიზანთან უფრო ახლოს მიგიყვანთ. ეს მშვიდობიანი საზოგადოების საფუძველია. მინდა, მივესალმო ამომრჩეველთა რეესტრის და საარჩევნო სამართლის საბჭოს შექმნის კუთხით მიღწეულ პროგრესს. განხორციელება უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამიტომ გეპატიჟებით ბრიუსელში, რათა ნახოთ, რა ვითარებაა“, - განაცხადა მან.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, უფრო მეტ კოორდინაციას ელოდება: „თქვენ კოორდინირებული გაქვთ 61%, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვსურს“.
მისივე თქმით, სანქციების კონტექსტში ევროკავშირს სურს, სერბეთი სანდო პარტნიორად დაინახოს.