ფონ დერ ლაიენი: უკრაინაში ომის დასრულებისთვის ეს კვირა გადამწყვეტი იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებისთვის პირობების შესაქმნელად ეს კვირა გადამწყვეტი იქნება. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა 18 მაისს რომში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა, იტყობინება ევროკომისიის პრესსამსახური.
„ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა გვსურს. ვიცი, რამდენად აქტიურად ხართ ჩართული ამ ომის დასრულებაში და ამისთვის მადლობას გიხდით“, - განუცხადა ფონ დერ ლაიენმა ვენსს.
„ახლა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია წინ წავწიოთ და ვფიქრობ, მომავალი კვირა ამ მხრივ გადამწყვეტი იქნება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს, 19 მაისს, კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს. ტრამპის თქმით, კრემლის ხელმძღვანელთან საუბრის თემები ომის დასრულება და ვაჭრობა იქნება.