Loading data...
ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები და პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ირანში არსებულ ვითარებას „ძალიან შემაშფოთებელი“ უწოდა.

„ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვართ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის მიმართ“, - დაწერა მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და „ნებისმიერი ქმედების თავიდან აცილება, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს დაძაბულობა, ან შეარყიოს გლობალური გაუვრცელებლობის რეჟიმი“.

მისი თქმით, ევროკავშირმა „ირანის მკვლელი რეჟიმის“ ქმედებებს სანქციებით უპასუხა და ამავდროულად, ხელი შეუწყო „დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების საკითხების მოლაპარაკებების გზით მოგვარებას“.

„ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეგიონში მყოფ ევროკავშირის მოქალაქეებს შეეძლოთ ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები და სრულად პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს“, - დასძინა მან.