Loading data...
ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს, თუ არ მიიღებს გარანტიებს, რომ მისი ქვეყანა არ დაზარალდება ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტით

სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების ახალ, მე-18 პაკეტს, ვიდრე არ მიიღებს მკაფიო გარანტიებს, რომ ფინანსურად არ დაზარალდება 2028 წლის 1-ელი იანვრიდან ევროკავშირში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

შესაბამისად, სლოვაკეთის ლიდერი აცხადებს, რომ ხმას არ მისცემს სანქციების პაკეტს, რომლის დამტკიცებაც 11 ივლისს ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე იგეგმებოდა. ამგვარად მან დაავალა სლოვაკეთის ელჩს, დაბლოკოს სანქციების მე-18 პაკეტი.

„ჩვენ უარს ვამბობთ, სანქციების მე-18 პაკეტს უპირობოდ დავუჭიროთ მხარი. ჩვენი მხარდაჭერა დამოკიდებულია ჩვენი შეშფოთების მოგვარებაზე, რაც დაკავშირებულია გაზის ფასებთან, მიწოდების უსაფრთხოებასთან და იმ ზარალის კომპენსაციასთან, რომელსაც რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტით მივიღებთ 2028 წლის 1-ელი იანვრიდან“, - აცხადებს ფიცო.

სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკომისიასთან სადავო საკითხები ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„ჩვენს ელჩს ბრიუსელში გუშინ კიდევ ერთხელ მიეცა მითითება, არ დაუჭიროს მხარი სანქციების მე-18 პაკეტს“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ის ვერ დაუშვებს, რომ „უაზრო იდეოლოგიურმა ჟესტებმა, როგორიცაა რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტა, ჩვენს სახელმწიფოს სერიოზული ზარალი მიაყენოს“.

თუმცა, ამავდროულად, მან განაცხადა, რომ ევროკომისიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„უნდა ვაღიარო, რომ ევროკომისია ძალისხმევას არ იშურებს გადაწყვეტის მოსაძებნად. ზოგიერთ საკითხზე ჩვენ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, სხვებთან ჯერ შორს ვართ… გულწრფელად ვიმედოვნებ ევროკომისიასთან შეთანხმების სწრაფად მიღწევას, რაც გამოიწვევს რუსულ გაზზე ეტაპობრივი უარის შესახებ მისი წინადადების კორექტირებას იმგვარად, რომ სლოვაკეთი დაცული იყოს ყველაზე ცუდი შესაძლო შედეგებისგან“, - დასძინა ფიცომ.