Loading data...
ფიცო აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე: თუ ამ შეთანხმებას ხელი მოეწერება, რუსეთი სრულად გამარჯვებული გამოვა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ მხარდაჭერა გამოუცხადა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის შემუშავებულ „სამშვიდობო გეგმას“ და განაცხადა, რომ შეთანხმება რუსეთისთვის სასარგებლოა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ფიცომ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმას“ „გრანდიოზული ნამუშევარი“ უწოდა და დასძინა: „იმის გათვალისწინებით, რომ სლოვაკეთს ევროკავშირში მცირე გავლენა აქვს, მე მხარს დავუჭერ ამ შეთანხმებას“.

„თუ ამ შეთანხმებას ხელი მოეწერება, რუსეთი აქედან სრულად გამარჯვებული გამოვა“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ის „მორალურად და ეკონომიკურად“ გაძლიერდება.

ფიცოს თქმით, უკრაინისთვის ეს „სამშვიდობო გეგმა“ უარესია, ვიდრე 2022 წლის ე.წ. სტამბოლის შეთანხმებები, თუმცა ის მასში ფრონტის ორივე მხარეს დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შანსს ხედავს.

ამავდროულად, მან გააკრიტიკა ევროკავშირის „ნულოვანი“ საგარეო პოლიტიკა და აღნიშნა, რომ „სამშვიდობო გეგმა“ შეიცავს პუნქტს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი უკრაინის აღდგენაში 100 მილიარდ დოლარს ჩადებს.