Loading data...
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-სა და ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია, მაგრამ ზეწოლა უნდა გაიზარდოს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა მოიწონა აშშ-სა და ევროკავშირის ბოლოდროინდელი სანქციები, რომლებიც რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს ისახავს მიზნად, თუმცა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა მეტი ზეწოლა უნდა მოახდინონ, რათა მოსკოვი აიძულონ, დაასრულოს ომი უკრაინაში, - ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, აშშ-სა და ევროპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები „უაღრესად მნიშვნელოვანია“.

„თუმცა, ჩვენ უბრალოდ უნდა გავზარდოთ ზეწოლა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის იმპერიული მიზნების შეცვლა, მაგრამ უნდა შევძლოთ მათი გათვლების შეცვლა“, - აღნიშნა მან.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი დიდ თანხებს მოითხოვს და „ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ რუსეთის რეალური ეკონომიკა ნამდვილად ვერ უძლებს ამ დატვირთვას“.