ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ გაჟონილ დეტალებზე: ისე გამოიყურება, თითქოს მოსკოვში დაიწერა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ელინა ვალტონენმა მკვეთრად გააკრიტიკა აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ისახავს მიზნად.
ვალტონენმა აღნიშნა, რომ თუ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ იდეა ისე გამოიყურება, როგორც მას მედიაში აღწერენ, მაშინ ასეთი პირობები მიუღებელი იქნება როგორც უკრაინისთვის, ასევე მისი ევროპელი პარტნიორებისთვის.
„ისინი [გეგმის იდეები] ისე გამოიყურება, თითქოს მოსკოვში დაიწერა. ისინი ძალიან აშკარად „უგულებელყოფს“ გაეროს ქარტიას“, - განაცხადა ვალტონენმა.
„ჩვენ გვსურს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინაში და ამ მიზნის მისაღწევად უკვე ოთხი წელია, ვმუშაობთ“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს რამდენიმე ამერიკულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია 28-პუნქტიანი ახალი „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ, რომელსაც ტრამპის გუნდი რუსებთან კონსულტაციით ამუშავებდა.