ფინეთის პრეზიდენტი: ევროპა „სიბნელის ეპოქაში“ ცხოვრობს - ომები და აშშ-ჩინეთის დაპირისპირება მსოფლიო წესრიგს ანგრევს
ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ევროპა „სიბნელის ეპოქაში“ ცხოვრობს, რადგან მრავალი ომი და აშშ-სა და ჩინეთს შორის კონკურენცია წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს ანგრევს.
სტუბმა აღნიშნა, რომ ცივი ომის შემდგომი ეპოქა დასრულდა და მსოფლიო ახლა გარდამტეხი მომენტის წინაშე დგას - ისეთივე ისტორიული მნიშვნელობის ეტაპზე, როგორიც იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულება 1945 წელს და კომუნიზმის დაცემა 1989 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი, „სამწუხაროდ, ამჟამად პესიმისტურად განწყობის ბევრი მიზეზი არსებობს“, - განუცხადა მან იმ სასწავლო დაწესებულების სტუდენტებს, სადაც თავად სტუბი 1990-იან წლებში სწავლობდა.
„მე სწავლა სინათლის ეპოქაში დავიწყე, თქვენ კი სწავლას სიბნელის ეპოქაში იწყებთ. ადრე შეგვეძლო გვეთქვა, რომ კაცობრიობის სამი უდიდესი მტერი - დაავადებები, შიმშილი და ომები დამარცხებული იყო. ახლა ეს ასე აღარ არის. სინათლე სიბნელემ შეცვალა“, - განაცხადა სტუბმა.
მისი თქმით, სტუდენტები სწავლის დასრულების შემდეგ ისეთ დაუნდობელ სამყაროში აღმოჩნდებიან, სადაც ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძვის. ზოგიერთი შეფასებით, ამჟამად მსოფლიოში 65 შეიარაღებული კონფლიქტი ან ომი მიმდინარეობს - უფრო მეტი, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ნებისმიერ სხვა პერიოდში.
„გლობალური უსაფრთხოება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან დიდი სახელმწიფოები, კერძოდ, აშშ და ჩინეთი. აირჩევენ ისინი თანამშრომლობას თუ დაპირისპირებას? ჩვენთვის მთავარი ამოცანაა ისეთი ევროპული უსაფრთხოების სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყნებს აღარ დაესხას თავს“, - აღნიშნა ალექსანდერ სტუბმა.
მისივე თქმით, ნატოს კვლავაც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თუმცა საჭიროა ახალი მექანიზმების შემუშავებაც. მათ შორის, სტუბმა დაასახელა რუსეთსა და ევროპას შორის ნდობის განმტკიცებისკენ მიმართული ზომები, რომლებიც მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.