Loading data...
ფინეთის ქალაქ ტამპერეში, სავაჭრო ცენტრთან ახლოს, ოთხი ადამიანი დანით დაჭრეს - Reuters

ფინეთის ქალაქ ტამპერეში, სავაჭრო ცენტრთან ახლოს, დანით თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა ფინეთის სიდიდით მესამე ქალაქში 3 ივლისს მოხდა. პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი ადამიანი დააკავა. პოლიციის ცნობით, ინციდენტში ტერორისტული, ან რასისტული მოტივის ნიშნები არ შეინიშნება.

„(ჩვენი) ამჟამინდელი ინფორმაციით, არ არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ აქტს ტერორისტული, ან რასისტული მოტივი ჰქონდა“, - განაცხადა პოლიციამ.

პოლიციის განცხადებაში დაშავებულთა შესახებ დამატებითი დეტალები არ ვრცელდება, თუმცა ნათქვამია, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და საზოგადოებისთვის საფრთხე აღარ არსებობს.

ფინური მედიის ცნობით, ინციდენტმა ტამპერეს ცენტრში მოძრაობა შეაჩერა.

გაზეთი Ilta-Sanomat-ი იტყობინება, რომ თვითმხილველმა დაინახა, თუ როგორ უწევდნენ გამვლელები პირველად დახმარებას ორ ადამიანს, რომლებიც პოლიციის მისვლისას მიწაზე იწვნენ და რომ, მათი ინფორმაციით, დაკავებული 20 წლამდე ფინელი მამაკაცია.