Loading data...
ფილიპინებში ბორანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

ფილიპინებში ბორანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ ბორანზე ხანძარი 9 სექტემბერს გაჩნდა. თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 43 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ბორტზე მყოფი 80-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნეოდა. სამაშველო სამუშაოებს ამ დრომდე ძლიერი კვამლი და უკიდურესად მაღალი ტემპერატურა ართულებდა.

ფილიპინების სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ მაშველებმა ბორნიდან 30 ცხედარი ამოასვენეს, რითაც ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა.

სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა, კომოდორმა ნოემი კაიაბიაბმა განაცხადა, რომ დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დასადგენად საჭიროა პოლიციის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების მიერ ნეშტების შესწავლა, რათა მოხდეს მათი იდენტიფიკაცია.

ბორანი „MV June Aster“-ი მანილადან გამოვიდა და დანიშნულების ადგილს — ფილიპინების დასავლეთ პროვინცია პალავანში მდებარე ტურისტულ ცენტრ კორონს — უახლოვდებოდა, როდესაც სანაპიროსთან ახლოს მას ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.