პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვზე დრონების იერიში მიუთითებს იმაზე, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უნდა გაგრძელდეს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
პესკოვის თქმით, უკრაინის ძალების მიერ მოსკოვზე განხორციელებული დრონების მასიური იერიში აჩვენებს, რომ სამხედრო მოქმედებები უნდა გაგრძელდეს.
„როდესაც მოსკოვში ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო სამიტი იმართება, ამ დროს მოსკოვზე დრონების ასეთი მასშტაბური იერიშის ორგანიზება, სულ მცირე, უცნაურია. მადლობა ღმერთს, ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები კარგად მუშაობენ. მაგრამ ეს აჩვენებს, რომ ყველაფერი გრძელდება, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უნდა გაგრძელდეს, რათა ჩვენ მსგავსი ტიპის საფრთხეებისგან დაცულები ვიყოთ“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, მოსკოვის რეგიონისკენ ბოლო საჰაერო იერიშის დროს 613 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა. სობიანინის ცნობით, 231 დრონი მოსკოვის შემოგარენში იყო ჩამოგდებული.