პესკოვი ვენსის განცხადებაზე: უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დროს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს

უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისას რუსეთის ეროვნული ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯ.დ ვენსის განცხადებას იმის შესახებ, რომ „მოლაპარაკებებში რუსები ზედმეტად ბევრს ითხოვენ“.
„ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გათვალისწინებული იყოს, რათა კონფლიქტის ძირითადი მიზეზები აღმოიფხვრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ კავშირშია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან და ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებთან“, - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი.
ის, ასევე, იმედოვნებს, რომ ამერიკული მხარე ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის საკითხი რუსეთისთვის.
„ჩვენ გვაქვს დიალოგის მრავალი არხი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს პოზიციას ამერიკელებს ვუზიარებთ“, - დასძინა პესკოვმა და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის კონტაქტები გრძელდება.
ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ ვენსმა ვაშინგტონში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა, რომ „რუსები ახლა გარკვეულ მოთხოვნებს, გარკვეულ დათმობებს მოითხოვენ კონფლიქტის დასასრულებლად“.