Loading data...
პესკოვი: თუ ფინეთი ბირთვული იარაღის საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებით დაგვემუქრება, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფინეთის გეგმამ, მოხსნას საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებაზე აკრძალვა, ევროპაში დაძაბულობა გაზარდა და რუსეთისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. მოსკოვს რეაგირება ექნება, თუ ასეთი იარაღი განთავსდება. 

ფინეთმა, რომელსაც რუსეთთან გრძელი საზღვარი აქვს, ცივი ომის დროს ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა, თუმცა უკრაინაში რუსეთის ომის საპასუხოდ 2023 წელს ნატოში გაწევრიანდა. 

5 მარტს ფინეთმა განაცხადა, რომ გეგმავს მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებაზე დიდხნიანი აკრძალვის მოხსნას.

„ეს არის განცხადება, რომელიც ევროპის კონტინენტზე დაძაბულობის ესკალაციას იწვევს. ეს განცხადება ფინეთის დაუცველობას კიდევ უფრო ზრდის, დაუცველობას, რომელიც ფინეთის ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია. ფაქტია, რომ ბირთვული იარაღის საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებით ფინეთი გვემუქრება და თუ ფინეთი დაგვემუქრება, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ“, - განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.