Loading data...
პესკოვი: რუსეთი შიშობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ევროპას ტრამპის სამშვიდობო გეგმაში დადებითი წვლილი შეეტანა

რუსეთი შიშობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ევროპელ ლიდერებს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ ამერიკული გეგმის პროექტში დადებით წვლილი შეეტანათ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„რა თქმა უნდა, გვაქვს შეშფოთება, რომ ევროპელ ლიდერებს, მათი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რაიმე დადებითი წვლილი შეეტანათ ამაში“, - აღნიშნა მან.

პესკოვის თქმით, არსებობს განცდა, რომ „ისინი ყველა ერთი ფიქრით არიან შეპყრობილნი - როგორ მოიძიონ ფული ომის გასაგრძელებლად“, რისთვისაც, პირველ რიგში, რუსეთის გაყინული აქტივების „მოპარვის“ შესაძლებლობაზე არიან კონცენტრირებულნი.

პესკოვის თქმით, მოსკოვი ამჟამად ამერიკული მხარისგან ელოდება ინფორმაციას ევროპელებთან და უკრაინასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ.

„ახლა ჩვენ ამერიკელებისგან უნდა მივიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დაემატა და რა შეიცვალა ამ ევროპული კონტაქტების შედეგად. და, სინამდვილეში, როგორ აისახება ამ პარამეტრებში უკრაინული მხარისა და ევროპელი ლიდერების პოზიციები...

ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კონტაქტები მზადდება. დაველოდებით, ვნახავთ, გავაანალიზებთ და შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ გავაგრძელოთ. შეთანხმება უნდა იყოს ჩუმი, არასაჯარო და ამიტომ ჩვენ გვირჩევნია, კონკრეტულად ამაზე კომენტარი არ გავაკეთოთ“, - აღნიშნა პესკოვმა. 

ამასთან, მას ჰკითხეს, არის თუ არა რაიმე შედეგი აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობის გზაზე. „ასე თუ ისე, უკრაინის საკითხის გადაწყვეტის კონტექსტში შეიძლება სხვადასხვა ეკონომიკური საკითხი წარმოიშვას. ზუსტად როგორ, ახლა ამაზე არ ვისაუბრებთ“, - დასძინა პესკოვმა.