Loading data...
პესკოვი: რუსეთი მზად იყო, ირანის გამდიდრებული ურანი თავის ტერიტორიაზე გადაეტანა, სამწუხაროდ, ამერიკულმა მხარემ ეს წინადადება უარყო

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უარყო კრემლის წინადადება, რომ რუსეთმა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობის ფარგლებში, ირანის გამდიდრებული ურანი ქვეყნიდან გაიტანოს.

როგორც სააგენტო Reuters-ი იხსენებს, რუსეთმა პირველად აშშ-ს გასული წლის ივნისში შესთავაზა ირანის ურანის მარაგზე კონტროლის აღება, თუმცა უშედეგოდ. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთმა ეს წინადადება ამ კვირაში კვლავ წამოაყენა.

„რუსეთი მზად იყო, ირანის გამდიდრებული ურანი თავის ტერიტორიაზე მიეღო. ეს კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა. სამწუხაროდ, ამერიკულმა მხარემ ეს წინადადება უარყო“, - განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ინდურ ტელეარხ India Today-ს.

ამერიკული მედიასაშუალებები წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს წინადადება გამორიცხა. თავის მხრივ, ირანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა ის აშშ-სთან შეთანხმების მიღწევას, მათ შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, აშშ-მა ირანზე თავდასხმის მიზეზად ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგი და მის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა დაასახელა.