პესკოვი: პუტინისა და ტრამპის საუბარი ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის, საუბარი ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ჯერ არ იგეგმება, არა“, - აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
მანამდე პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა მაიამიში ამერიკულ მხარესთან გამართული კონსულტაციების შედეგებზე პუტინს უკვე მიაწოდა ინფორმაცია. მოსკოვი ამ ინფორმაციის საფუძველზე ჩამოაყალიბებს თავის პოზიციას და უახლოეს მომავალში გააგრძელებს კონტაქტებს ვაშინგტონთან.
„ჩვენ ახლა ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სამომავლო პოზიცია სახელმწიფოს მეთაურის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და უახლოეს მომავალში გავაგრძელოთ კონტაქტები არსებული არხებით, რომლებიც ამჟამად ფუნქციონირებს“, - განაცხადა პესკოვმა.