პესკოვი: კიევთან ურთიერთობის პრინციპები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულების შემდეგ უნდა განისაზღვროს

რუსეთსა და უკრაინას შორის მომავალი ურთიერთობების პრინციპები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულების შემდეგ უნდა განისაზღვროს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თემა „ამჟამად ძალიან თეორიული საკითხია“.
„პირველ რიგში, ჯერ პრობლემა უნდა მოვაგვაროთ და იმ ამოცანების შესრულება უნდა დავაფიქსიროთ, რომლებიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინაშე იდგა. ჩვენთვის ამის გაკეთება პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით იყო სასურველი და სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმ პირობებში გრძელდება, როდესაც ამ საშუალებების გამოყენება შეუძლებელი გახდა, როდესაც დიალოგის შესახებ ყველა წინადადება უარყოფილია - როგორც თავად უკრაინის, ასევე დასავლეთის მიერ“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, თუ მოგვარებისთვის დიპლომატიურ არხზე გადასვლას მოვახერხებთ, მაშინ ეს ჩვენთვის სასურველი ვარიანტი იქნება.
„მაგრამ ჯერ სიტუაცია უნდა მოვაგვაროთ და შემდეგ ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ აშენდება ურთიერთობები“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.