Loading data...
პესკოვი აცხადებს, რომ უიტკოფისა და კუშნერის მოსკოვში ვიზიტის თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის

რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვში ვიზიტს ელიან, თუმცა თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის.

„არა, ის ჯერ განსაზღვრული არ არის, მაგრამ ჩვენ ნამდვილად დაინტერესებულები ვართ ასეთი ვიზიტით, მოუთმენლად ველით მას“, - განაცხადა პუტინის წარმომადგენელმა ბრიფინგზე.

მანამდე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უიტკოფი და კუშნერი პუტინთან შესახვედრად მალე მოსკოვში ვიზიტს გეგმავენ. მოსალოდნელია, რომ ტრამპის წარმომადგენლები პუტინს 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის უახლეს ვერსიას წარუდგენენ, რომელზეც უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები მუშაობდნენ.

უიტკოფი და კუშნერი დეკემბერში მოსკოვს ეწვივნენ და პუტინს შეხვდნენ. ამ მოგზაურობის დროს მოლაპარაკებები თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა, თუმცა მნიშვნელოვანი გარღვევა არ მომხდარა. 

უიტკოფი გასულ წელს რუსეთში პუტინს ექვსჯერ შეხვდა.