Bloomberg: უიტკოფი და კუშნერი შესაძლოა, პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში გაემგზავრონ
სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მალე მოსკოვში ჩასვლას გეგმავენ, რათა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
სააგენტოს წყაროების ცნობით, მოგზაურობა შესაძლოა, ამ თვეშიც კი შედგეს, თუმცა გეგმები ჯერ საბოლოო არ არის და დრო შესაძლოა, შეიცვალოს ირანში განვითარებული მოვლენების გამო, სადაც მასშტაბური არეულობა ორ კვირაზე მეტია, გრძელდება.
ამავდროულად, თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამჟამად ასეთი შეხვედრა დაგეგმილი არ არის. კრემლმა, თავის მხრივ, არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
Bloomberg-ის ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, რომ მთავარ დაბრკოლებად რჩება ბუნდოვანება იმის შესახებ, არის თუ არა პუტინი დაინტერესებული ამერიკელ ელჩებთან შეხვედრით.
ამავდროულად, აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირები საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ 20-პუნქტიანი გეგმის განხორციელების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესზე საუბრობენ. მათი შეფასებით, პუნქტების დაახლოებით 90%-ზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა მთელი რიგი ფუნდამენტური საკითხები კვლავ ღიად რჩება.
კრემლი დაჟინებით მოითხოვს უკრაინული ჯარების გაყვანას აღმოსავლეთ დონბასის იმ ტერიტორიებიდან, რომელთა დაკავებაც რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს. სანაცვლოდ, კიევი სთავაზობს არსებული ფრონტის ხაზის გაყინვას, ან ჯარების ორმხრივ გაყვანას ბუფერული ზონის შესაქმნელად.
მოსკოვი ასევე ეწინააღმდეგება ნატოს ჯარების უკრაინაში განლაგებას და მოითხოვს ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარებას, როგორც რუსეთის კუთვნილება.
გადაუჭრელ საკითხებს შორისაა რუსული ჯარების მიერ დაკავებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კონტროლი და რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული აქტივების ბედი.
წყაროების ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები პუტინისა და მისი გუნდისთვის სამშვიდობო შეთანხმებების განახლებული პროექტების წარდგენას გეგმავენ. განხილვის ძირითადი თემები, სავარაუდოდ, აშშ-ისა და ევროპის მხრიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, ასევე, ქვეყნის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია იქნება.