პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი და აშშ ომის მოგვარების საკითხზე კონსულტაციებს არ აწარმოებენ, თუმცა ქვეყნებს შორის კონტაქტები არსებობს
კრემლში კვლავ უარი თქვეს უკრაინისთვის „სამშვიდობო გეგმის“ ნამდვილობის დადასტურებაზე, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების წარმომადგენლებმა ერთობლივად შეიმუშავეს და რომელმაც დასავლურ მედიაში გაჟონა.
„ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე ახალი დავამატოთ იმას, რაც ანკორიჯში ითქვა. ამ შემთხვევაში რაიმე ინოვაცია არ გვაქვს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა RIA Novosti-სთვის მიცემულ კომენტარში.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები უკრაინაში ომის მოგვარების საკითხზე კონსულტაციებს არ აწარმოებენ, თუმცა ქვეყნებს შორის კონტაქტები არსებობს.
შეგახსენებთ, 19 ნოემბერს რამდენიმე ამერიკულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია 28-პუნქტიანი ახალი „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ, რომელსაც ტრამპის გუნდი რუსებთან კონსულტაციით ამუშავებდა. გეგმა, სავარაუდოდ, საიდუმლოდ შეიმუშავეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და კირილ დმიტრიევმა.
გეგმა ძირითადად იმეორებს კრემლის მოთხოვნებს: მთელი დონბასის გადაცემას, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებასა და განიარაღებას, უკრაინასა და დასავლეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის აკრძალვას, რუსული ენისა და რუსული ეკლესიის ოფიციალურ სტატუსს უკრაინაში და ა.შ.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად ასახავს ეს გეგმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის შეხედულებებს. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა იმავე მედიასაშუალებებისთვის გაკეთებულ კომენტარებში, რომლებმაც გეგმის ამონარიდები გამოაქვეყნეს, უკვე განაცხადეს, რომ ამ ფორმით სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.