პესკოვი: აშშ-ის სანქციები ურთიერთობებს ართულებს, მაგრამ რუსეთი მათ აღდგენაზე უარს არ ამბობს
რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციები რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების აღდგენას ართულებს, თუმცა ეს არ არის იმის მიზეზი, რომ უარი ვთქვათ ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობებზე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, იუწყება Tass-ი.
„აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული სხვადასხვა ნიუანსის მიუხედავად, ყურადღება მაინც ჩვენს ინტერესებზე უნდა გავამახვილოთ. ჩვენს ინტერესებში შედის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, კარგი ურთიერთობების დამყარება. რა თქმა უნდა, ამ კვირაში განხორციელებული ქმედებები არამეგობრული ნაბიჯი იყო. მათ ნამდვილად დააზიანეს ჩვენი ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მისწრაფებები უნდა მივატოვოთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენთვის საუკეთესოა“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
22 ოქტომბერს შეერთებულმა შტატებმა „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ 30-ზე მეტ შვილობილ კომპანიას სანქციები დაუწესა. თუმცა, ისინი არ ვრცელდება მათ ტრანზაქციებზე კასპიის მილსადენის კონსორციუმთან, რომელსაც თავად აშშ იყენებს, და კომპანია „ტენგიზჩევროილთან“.