Loading data...
პერუში ტურისტული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

პატარა თვითმფრინავი, რომელსაც ტურისტები პერუს ცნობილი არქეოლოგიური ძეგლის, ნასკას ხაზების დასათვალიერებლად გადაჰყავდა, ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Deutsche Welle ნასკას პროვინციის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ 11 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა“, - განაცხადა პოლიციის მაიორმა ხორხე ანდრადემ.

პერუს ადგილობრივი საინფორმაციო საიტი RPP იტყობინება, რომ ავარიის შედეგად შვიდი იტალიელი, ორი გერმანელი და ორი ესპანელი დაიღუპა.

RPP-ის ცნობით, პატარა თვითმფრინავმა საკონტროლო კოშკთან კონტაქტი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაკარგა. ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. პერუს ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.