Loading data...
პერუში ხანძარმა ერთი ოჯახის 10 წევრი იმსხვერპლა

„პერუს დედაქალაქ ლიმაში, ერთ-ერთ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ოჯახის 10 წევრი, მათ შორის ხუთი ბავშვი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ BBC, პოლიციაზე დაყრდნობით, იუწყება.

პერუს ეროვნული პოლიციის გენერალმა ოსკარ არიოლამ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ხანძარი 22 ივლისს, გამთენიისას, სამხრეთ ლა ვიქტორიას რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და ათი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ხუთი ზრდასრული, ხუთი კი მოზარდია. მედიის ინფორმაციით, ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპულები საოჯახო ბიზნესებს ფლობდნენ და ხშირად იღებდნენ, მუქარისა და ფულის გამოძალვის შეტყობინებებს. 

თვითმხილველებმა მედიასთან განაცხადეს, რომ უცხო პირებმა სახლთან გაჩერებულ მოტოციკლებს ცეცხლი წაუკიდეს, ალი კი სახლს სწრაფად მოედო. 

საქმეზე დაწყებულია გამოძიება. პოლიცია დამატებით დეტალებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.