პენტაგონმა ირანთან ომის დროს აშშ-ის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
შეერთებულმა შტატებმა უკვე დახარჯა 25 მილიარდი დოლარი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებზე, რომელთა დიდი ნაწილი საბრძოლო მასალაზეა დახარჯული,- ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ფინანსურმა დირექტორმა ჯულს ჰერსტმა, წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, თანხის ნაწილი აღჭურვილობის მოვლა-პატრონობასა და შეცვლას მოხმარდა.
„ამჟამად ოპერაცია „ეპიკური მრისხანებაზე“ დაახლოებით 25 მილიარდ დოლარი დაიხარჯა“ , - განუცხადა ჰერსტმა კანონმდებლებს.
ომის ზუსტი ღირებულება კანონმდებლებისთვის აქამდე ბუნდოვანი რჩებოდა და ეს საკითხი სულ უფრო პოლიტიზებული ხდება, მაშინ როდესაც კონგრესი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2027 ფისკალური წლისთვის მოთხოვნილ 1.5 ტრილიონი დოლარის თავდაცვის ბიუჯეტს განიხილავს.
„მიხარია, რომ ამ კითხვას უპასუხეთ, რადგან ამას ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ და აქამდე ციფრი არავის უთქვამს“, - მიმართა ჰერსტს კომიტეტის წამყვანმა „დემოკრატმა“ ადამ სმიტმა.
პენტაგონის ფინანსურმა დირექტორმა, ასევე, განაცხადა, რომ ის მოამზადებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალისხმევისთვის დამატებით დაფინანსების მოთხოვნას, რომელიც წარედგინება კონგრესს მას შემდეგ, რაც დეპარტამენტი მიიღებს სრულ ხარჯთაღრიცხვას.