პენტაგონის წარმომადგენელი: ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-ს 48 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა
პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-ის არმიას 48 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა თებერვლის ბოლოს კონფლიქტი დაიწყეს.
„13 ნოემბრის მდგომარეობით, ომის ღირებულებამ 48.3 მილიარდი დოლარი შეადგინა“, - განუცხადა კანონმდებლებს პენტაგონის ფინანსური მართვის საკითხებში თავდაცვის მდივნის მოადგილემ არტურ მილერმა.
ეს მაჩვენებელი დაახლოებით 26%-ით აღემატება კონგრესის საბიუჯეტო ოფისის მიერ მანამდე გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის თანახმადაც, 1-ელი აგვისტოსთვის ომის ხარჯები 38 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
მილერის განმარტებით, აღნიშნული თანხა მოიცავს საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის ჩანაცვლებისა და ოპერაციების ჩატარების ხარჯებს.
ამასთან, თანხაში არ არის გათვალისწინებული ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის მიყენებული ზარალი, რომელთა ნაწილიც ირანის დრონებისა და სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაზიანდა. ასევე, გათვალისწინებული არ არის ომის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე.
კონფლიქტს მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები მოჰყვა. ირანი ცდილობს, შეზღუდოს კომერციული გემების გადაადგილება ჰორმუზის სრუტეში, რომელიც ნავთობისა და გაზის გადაზიდვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია. ამასთან, ირანის მოკავშირე „ჰუსიტები“ იემენში საუდის არაბეთის ნავთობინფრასტრუქტურასა და საზღვაო გადაზიდვებს ესხმიან თავს.
შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტების ბლოკადა განახორციელა, რასაც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მნიშვნელოვანი საზღვაო ძალების, მათ შორის ავიამზიდების განლაგება მოჰყვა.