Paramount 110 მლრდ დოლარად Warner Bros. Discovery-ს შეიძენს
კომპანია Paramount Skydance-მა განაცხადა, რომ 110 მლრდ აშშ დოლარად Warner Bros. Discovery-ს შეიძენს.
"Paramount Skydance Corporation-მა და Warner Bros. Discovery, Inc-მა დღეს გაერთიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. შეთანხმების მიხედვით Paramount შეიძენს WBD-ს“, - წერია Paramount-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კომპანია Netflix-მა 82,7 მლრდ აშშ დოლარად Warner Bros. Discovery-ს შეძენა გადაიფიქრა. მიმდინარე წლის თებერვალში Paramount-მა Warner Bros. Discovery-ს უფრო ხელსაყრელი პირობები შესთავაზა. ამის შემდეგ Netflix-მა აქტივისთვის ბრძოლა შეწყვიტა.
Warner Bros. Discovery-ის თითოეულ აქციაში Paramount 31 დოლარს გადაიხდის. ასევე კომპანია Netflix-ს კომპენსაციის სახით 2,8 მლრდ აშშ დოლარს გადაუხდის.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, Paramount-ის და Warner Bros. Discovery-ის დირექტორთა საბჭოს წევრებმა ამ შეთანხმებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. მისი გაფორმება 2026 წლის ბოლომდე დასრულდება.
Warner Bros. Discovery-ს მრავალი ფილმის და სერიალის მფლობელია, რაც ჰოლივუდში ბოლო 100 წლის განმავლობაში იყო გადაღებული, მათ შორისაა ისეთი ცნობილი ფრანშიზები, როგორიცაა „ჰარი პოტერი“, „ბეჭდების მბრძანებელი“, „სამეფო კარის თამაშები“.
კომპანიის მფლობელობაშია ასევე სტრიმინგული სერვისი HBO Max,, ტელეკომპანიები CNN და Discovery. Paramount-ის გენერალურმა დირექტორმა დევიდ ელისონმა განაცხადა, რომ მსოფლიო დონის ორი სტუდიის გაერთიანება მაყურებლებისთვის, პარტნიორებისთვის და აქციონერებისთვის უფრო მაღალ ფასეულობას შექმნის.