პაპი: ტრამპის განცხადებები აშშ-ევროპის ალიანსის განადგურებისკენ არის მიმართული
რომის პაპმა ლეო XIV-მ კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებზე, რომლებშიც მან თქვა, რომ ევროპა დაღმასვლაშია და მისი ლიდერები „სუსტები“ არიან. Sky News-ის ცნობით, ჟურნალისტის კითხვას, სამართლიანად მიიჩნევს თუ არა უკრაინისთვის ამერიკულ სამშვიდობო გეგმას, რომის პაპმა უპასუხა, რომ „ურჩევნია, ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთოს“.
თუმცა, შემდეგ მან დაამატა: „ვფიქრობ, სამწუხაროდ, ზოგიერთი რამ, რაც მე ვნახე, წარმოადგენს უზარმაზარ ცვლილებას იმისგან, რაც მრავალი წლის განმავლობაში ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის რეალური ალიანსი იყო“.
მისი თქმით, ბოლო ინტერვიუებში ევროპის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს იმის განადგურებას, რაც დღეს და მომავალში „ძალიან მნიშვნელოვან გაერთიანებად უნდა დარჩეს“.
შემდეგ მან პირდაპირ ახსენა აშშ-ის პრეზიდენტი: „ასე რომ, ეს არის პროგრამა, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა შეიმუშავეს. ის არის აშშ-ის პრეზიდენტი და მას ამის გაკეთების უფლება აქვს. თუმცა მასში არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც, ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, აშშ-ში ბევრ ადამიანს მოეწონოს, ბევრი სხვა ადამიანი მათ ძალიან განსხვავებულად დაინახავს“.