პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ისა და ირანის დელეგაციებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეჰბაზ შარიფს შეხვდა, იუწყება CNN-ი.
ვენსთან შეხვედრამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ირანის დელეგაციას შეხვდა.
ვენსს ორმხრივ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი შეუერთდნენ.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ოფისის პრესრელიზის თანახმად, შარიფს შეუერთდნენ ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ იშაქ დარი და შინაგან საქმეთა მინისტრი სეიდ მოჰსინ რაზა ნაქვი. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
შარიფმა შეაქო ორივე მხარის ერთგულება კონსტრუქციული ჩართულობის მიმართ და „გამოთქვა იმედი, რომ ეს მოლაპარაკებები რეგიონში მდგრადი მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“, - ნათქვამია მისი ოფისის პრესრელიზში.
აღსანიშნავია, რომ ირანისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები დღეს საღამოს იგეგმება.
ირანული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი.