პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა პოლიციის შენობას შეაჯახა - არიან დაღუპულები
პოლიციის ცნობით, პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, სულ მცირე, 16 ადამიანი, მათ შორის 5 პოლიციელი დაიღუპა მას შემდეგ, რაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა პოლიციის შენობას შეაჯახა, როდესაც იქ მდებარე მეჩეთში ადამიანები ლოცულობდნენ.
„ინციდენტი ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ქალაქ კოჰატში მოხდა. ავტომობილი პოლიციის შენობის გარე კედელს შეეჯახა, ხოლო მასთან ერთად მყოფმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს“, - განაცხადა პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელმა ზულფიკარ ჰამიდმა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ აფეთქება მეჩეთის მახლობლად მოხდა, სადაც პოლიციის თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები პარასკევის ლოცვას ასრულებდნენ.
პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატენილი ჟილეტი ეცვა, მოკლულია.
პაკისტანის სასაზღვრო რაიონებში ბოლო თვეებში შეიარაღებული დაჯგუფებების აქტივობა მკვეთრად გაიზარდა. თავდასხმების სამიზნე ძირითადად სამხედროები და პოლიციელები არიან.
ისლამაბადი აცხადებს, რომ შეიარაღებული პირები ავღანეთში არსებულ უსაფრთხო თავშესაფრებს იყენებენ პაკისტანში თავდასხმების დასაგეგმად და მოსამზადებლად.
ავღანეთის თალიბანის მთავრობა უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ შეიარაღებული დაჯგუფებების პრობლემა პაკისტანის შიდა პრობლემაა.