ორბანმა არ გამორიცხა, რომ უნგრეთის მთავარ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში ხანძარი „გარე თავდასხმამ“ გამოიწვია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა არ გამორიცხა, რომ გასულ კვირას საჟალომბატაში MOL-ის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძარი შესაძლოა, „გარე თავდასხმის“ შედეგი იყოს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.
ორბანმა განაცხადა, რომ მან მოისმინა შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიში ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით.
„გამოძიება სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს უბედური შემთხვევა იყო, ტექნიკური გაუმართაობა, თუ გარე თავდასხმა“, - დასძინა მან.
ამ კონტექსტში ორბანმა გაიხსენა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადება, რომელმაც, მისი თქმით, „უკრაინელებს „დრუჟბას“ ნავთობსადენის აფეთქება ურჩია“.
„ვიმედოვნოთ, რომ ეს ის შემთხვევა არ არის“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, 21 ოქტომბრის ღამეს უნგრეთის მთავარ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება შუადღისთვის მოახერხეს.
საჟალომბატას ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, ერთადერთი მსხვილი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა უნგრეთში, ძირითადად რუსეთიდან შეტანილ ნავთობს გადაამუშავებს.