ორბანი: უნგრეთი უკრაინისთვის 90 მილიარდ ევროს იქამდე დაბლოკავს, ვიდრე „დრუჟბას“ მუშაობა არ განახლდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხის გაცემას იქამდე დაბლოკავს, ვიდრე კიევი უნგრეთში რუსული ნავთობის მიწოდებას არ განაახლებს.
ორბანმა კვლავ გაიმეორა, რომ, მისი აზრით, უკრაინას მიწოდების აღსადგენად ტექნიკური დაბრკოლებები არ აქვს.
„სიტუაცია ნათელია: „დრუჟბას“ მილსადენს ტექნიკური პრობლემები არ აქვს და [მისი მუშაობის შეჩერების] მიზეზი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. უკრაინელებმა გადაწყვიტეს, უნგრეთს რუსული ნავთობი შეუწყვიტონ, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის“, - განაცხადა მან.
ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის გაცემაზე ვეტოს დადებას „დრუჟბას“ ნავთობსადენის მუშაობის შეჩერებას უკავშირებს. მისი თქმით, უნგრეთი ვეტოს არ მოხსნის იქამდე, ვიდრე მილსადენის მუშაობა არ განახლდება.
„არავის, გერმანელებსაც კი არ შეუძლიათ ჩვენგან დადებითი პასუხის მოთხოვნა. ჩვენ [ევროკავშირში კენჭისყრაზე] ისე ვუპასუხებთ, როგორც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება. და ჩვენ არასდროს დავუჭერთ მხარს ბრიუსელის მიერ უკრაინისთვის გაწეულ რაიმე ფინანსურ დახმარებას, ვიდრე უკრაინელები ნავთობის ნაკადს არ დაუშვებენ“, - განაცხადა მან.
ორბანმა ასევე გამოაცხადა, რომ არ აპირებს რუსული ენერგომომარაგების ემბარგოს შესახებ საერთო ევროპული გადაწყვეტილების შესრულებას: „ჩვენ ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ არ დავემორჩილებით უკრაინის მოთხოვნას, უარი ვთქვათ იაფ რუსულ ენერგიაზე“.