Loading data...
ორბანი: უკრაინა სუვერენული სახელმწიფო არ არის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფო არ არის, რადგან მის ხარჯებს ევროკავშირის ქვეყნები იხდიან. ორბანმა ეს განცხადება 1-ელ ოქტომბერს კოპენჰაგენში ევროპული საბჭოს არაფორმალური სამიტის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფო არ არის, რადგან მას ევროკავშირი უჭერს მხარს.

„იმიტომ, რომ ისინი ასეთი არ არიან“, - უპასუხა ორბანმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ მიიჩნევს ის უკრაინას სუვერენულ სახელმწიფოდ.

თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „მათ [უკრაინას] არ აქვთ ფული საკუთარი თავის რჩენისთვის“.

„ჩვენ ვიხდით არმიისთვის, ვიხდით სახელმწიფო ბიუროკრატიისთვის, ვიხდით პენსიებისთვის, ვიხდით ყველაფრისთვის. თუ ვინმე სხვა გიჭერს მხარს, შენ სუვერენული ქვეყანა არ ხარ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მან დასძინა, რომ „ეს არ არის მორალური განცხადება - ეს უბრალოდ ფინანსური ფაქტია“.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორბანი ამბობს, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფო არ არის. მან ანალოგიური განცხადება უნგრული დრონების მიერ უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ საუბრისას გააკეთა.

„უკრაინა არ არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ჩვენ ვაკავებთ მას, ის არ უნდა მოიქცეს ისე, თითქოს სუვერენულია“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა 29 სექტემბერს.