ორბანი: უკრაინა ევროკავშირში არ უნდა მიიღონ, ეს ევროკავშირს ომს მოუტანს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და განაცხადა, რომ ეს ევროკავშირს ომს მოუტანს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მსოფლიო ომის ალბათობა მუდმივად იზრდება და უნგრეთი კონფლიქტში ჩაბმისგან თავის არიდებისთვის უნდა მოემზადოს.
მან აღნიშნა, რომ წინა მსოფლიო ომის დაწყებას წინ უძღოდა ისეთი ნიშნები, როგორიცაა დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობის გაძლიერება, შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობის ზრდა ან შეიარაღების რბოლის გამწვავება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთს სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე და სტრატეგიული სიმშვიდე.
„უკრაინა ევროკავშირში არ უნდა მიიღონ - რაც, ასევე, ომს გამოიწვევს - მაშინაც კი, თუ მთელი ბრიუსელი თავდაყირა დადგება. უნგრეთის დიპლომატიური და ძალისმიერი გავლენის საზღვრები აშკარაა. ამიტომ, ჩვენ, პირველ რიგში, რეგიონულ მშვიდობაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენ უნდა შევქმნათ მშვიდობიანი ალიანსები ყველასთან, ვისაც შეგვიძლია“, - ხაზგასმით აღნიშნა ორბანმა.
მან აღნიშნა, რომ ომისგან თავის არიდების მიზნით, უნგრეთმა კარგი ურთიერთობები უნდა განავითაროს მსოფლიოს ყველა ძალაუფლების ცენტრთან.
„აუცილებელია, რომ ყველა მსხვილი ძალა ეკონომიკურად და ფინანსურად იყოს დაინტერესებული უნგრეთის წარმატებით, ანუ არავინ არ უნდა იყოს დაინტერესებული უნგრეთის განადგურებითა და დასუსტებით. ომის თავიდან აცილების პირობაა, რომ ჩვენ გვქონდეს თავდაცვის ძალა. აქ ჯერ კიდევ არის სამუშაო გასაკეთებელი, თუმცა თავდაცვის ხარჯები უკვე 1 750 მილიარდ ფორინტს შეადგენს“, - დასძინა უნგრეთის პრემიერმა.