Loading data...
ორბანი: უკრაინა „ბუფერული“ სახელმწიფო უნდა იყოს და გაწევრიანების ნაცვლად, ევროკავშირთან ითანამშრომლოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინელებს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის ნაცვლად „სტრატეგიულ თანამშრომლობას“ სთავაზობს, რადგან ომში ჩათრევის შიში აქვთ. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომლის ფრაგმენტიც თავის სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.

ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინას სტრატეგიულ თანამშრომლობას სთავაზობს, რომელიც იქნება „პრაგმატული, მოქნილი და ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული და არა შეუქცევად ინტეგრაციაზე“.

„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ომს ევროპის გულში მოიტანს და ჩვენი ოჯახები ასეთი რისკის წინაშე არ უნდა აღმოჩნდნენ“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ამჟამინდელი დრო მოითხოვს „დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს და არა თეატრალურ მუქარას“.

ამასთან, ორბანმა უკრაინას „ბუფერული სახელმწიფო“ უწოდა.

„დღეს უკრაინის ბედი იმაში მდგომარეობს, რომ ის ბუფერული სახელმწიფოა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. ჩვენ არ ვართ მზად, მივიღოთ ასეთი ბედი. უნგრელები ამას უბრალოდ გადაურჩნენ. ცივი ომის დროს ჩვენც ბუფერული ქვეყანა ვიყავით. ჩვენ საბჭოთა კავშირის ნაწილი არ ვიყავით, მაგრამ საბჭოთა კავშირის დასავლეთ პერიმეტრზე, დასავლური სამყაროს აღმოსავლეთ პერიმეტრზე ვიყავით, მაგრამ ბუფერს წარმოვადგენდით. ჩვენ არ გვინდა იმ პოზიციაზე დაბრუნება. უკრაინა ასეთ სიტუაციაშია. შეიძლება არაკომფორტული იყოს, შეიძლება კარგი არ იყოს და ვიღაცას ამ მდგომარეობიდან გამოსვლა სურდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანას მისამართის შეცვლა არ შეუძლია“, - დასძინა მან.