ორბანი: ევროპის ხალხი ხედავს, რომ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირს ძალას კი არ მისცემს, არამედ წაართმევს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ევროპას ასუსტებს.
ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის ყველა ვერსიით, „უბრალოდ მწარე აბის დატკბობას წარმოადგენს“.
კითხვაზე, მზად იქნება თუ არა უნგრეთი, მიიღოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მშვიდობის ფასად, მან უპასუხა: „საბედნიეროდ, ასეთი კავშირი არ არსებობს“.
„ევროკავშირში წევრობა დაცვის გარანტიას არ წარმოადგენს. ეს არასდროს მოხდება. უკრაინის ევროკავშირში წევრობა არარეალურია. უნგრეთი უკვე ღიად ეწინააღმდეგება მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა არსებობს დასავლეთ ევროპის არაერთი ქვეყანა, რომლებიც მოითხოვენ პარლამენტის გადაწყვეტილებას, ან რეფერენდუმს. ეს არ მოხდება“, - განაცხადა ორბანმა.
„ბრიუსელის დერეფნებში ყველამ იცის ეს და ამაზე საუბრობს. თუმცა ამ დარბაზებში რწმენა სუფევს. ევროპის ხალხი ზუსტად ხედავს, რომ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირს ძალას კი არ მისცემს, არამედ წაართმევს“, - აღნიშნა მან.
ორბანის თქმით, არ არის მართებული მტკიცება, რომ უკრაინის სამხედრო ძალა ევროპის უსაფრთხოებას აძლიერებს.
„ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უკრაინის შენარჩუნება ევროპის ენერგიასა და რესურსებს მოიხმარს. უკრაინა ყოველდღიურად სუსტდება“, - დასძინა მან.