ორბანი: ევროპას არ სურს რუსეთთან მოლაპარაკება, რაც კატასტროფული შეცდომაა, ამერიკელები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ისინი რუსებთან შეთანხმებით გადაწყვეტენ უკრაინის მომავალს და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო შეთანხმებას ბუდაპეშტში უნდა მოეწეროს ხელი. ეს განცხადება მან უნგრულ გამოცემა Index-თან ინტერვიუში გააკეთა.
ორბანი მიიჩნევს, რომ ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტი მაინც გაიმართება, თუმცა ვერ დააკონკრეტა, როდის. მან განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევა მხოლოდ გარე ძალების მონაწილეობით არის შესაძლებელი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ „ვიღაცამ“ უნდა აწარმოოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები რუსეთთან - აშშ-მა, ან ევროპამ. თუმცა, ორბანმა აღნიშნა, რომ ევროპას, სავარაუდოდ, არ სურს რუსეთთან მოლაპარაკება, რასაც მან დიდი შეცდომა უწოდა.
„ევროპას არ სურს რუსეთთან მოლაპარაკება, რაც კატასტროფული შეცდომაა. ამერიკელები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ისინი რუსებთან შეთანხმებით გადაწყვეტენ უკრაინის მომავალს და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენ, ევროპელები, ისე ვიქცევით, თითქოს ეს მოგვწონს და ტაშს დავუკრავთ“, - განაცხადა ორბანმა.
მისი აზრით, ევროპელმა ლიდერებმა რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი უნდა დაამყარონ, მოლაპარაკებები დაიწყონ და ევროპული უსაფრთხოების სისტემის, ასევე უკრაინის მომავლის შესახებ რუსეთ-ევროპის შეთანხმების ხელმოწერას მიაღწიონ.