1759344702
უცხოეთი
ორბანი აცხადებს, რომ ტრამპს მისთვის რუსული ნავთობის ყიდვის შეწყვეტა არ უთხოვია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბუდაპეშტისთვის რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის შეწყვეტა არ უთხოვია.
კოპენჰაგენში, ევროკავშირის სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას ორბანმა აღნიშნა, რომ მისთვის არავის უთხოვია რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შეწყვეტა.
„აშშ-ის პრეზიდენტი პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, მან უბრალოდ მკითხა, რა სიტუაციაა - ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა“, - დასძინა მან.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთი ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანაა, მას „სხვა არჩევანი“ არ აქვს, გარდა იმისა, რომ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი გააგრძელოს.
„ჩვენ არ შეგვიძლია გეოგრაფიის შეცვლა, პოლიტიკური მოთხოვნების მიუხედავად“, - დასძინა ორბანმა.