ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი დაშლის საფრთხის წინაშეა და ბლოკს გადარჩენისთვის ახალ მოდელს სთავაზობს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი „დაშლის“ საფრთხის წინაშეა და დარწმუნებულია, რომ ბლოკის გადარჩენა მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებში „სხვადასხვა სიჩქარის“ მოდელს შეუძლია. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ორბანის აზრით, ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირის ცალკეულ წევრებს მიეცეთ საშუალება, ევროპული ინტეგრაციის გზაზე უფრო სწრაფად, ან უფრო ნელა იმოძრაონ, მათი დღის წესრიგიდან გამომდინარე.
უნგრეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ეროვნულ სახელმწიფოებს ხმის მიცემის უფლება უნდა დაუბრუნდეთ და უნდა დაიწყოს „კონცენტრული წრეების ევროპის“ მშენებლობა.
ორბანის თქმით, პირველი ასეთი წრე უსაფრთხოების გარშემო უნდა შეიქმნას და შესაძლოა, მოიცავდეს თურქეთსა და უკრაინას, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.
მეორე წრე დაეყრდნობა ეკონომიკურ ინტეგრაციას და შენგენის ზონას გადაადგილების თავისუფლებისთვის.
მესამე წრე უნდა შეესაბამებოდეს ამჟამინდელ ევროზონას. მეოთხე წრე უნდა მოიცავდეს „კონსტიტუციურ ინსტიტუტებს“ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც „უფრო მჭიდრო კავშირს“ ეძებენ, დასძინა ორბანმა.
„კონცენტრული წრეებისგან შემდგარი ევროპის შექმნა ევროკავშირის გადარჩენის ერთადერთი გზაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაიშლება და გარე ორიენტაციის წერტილებზე, მაგალითად, ბრიტანეთზე, ფოკუსირებას დაიწყებს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ორბანმა მიგრაცია ერთ-ერთ ასეთ დაბრკოლებად მოიხსენია და აღნიშნა, რომ უნგრეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები ცდილობენ, უარი თქვან ბლოკის საერთო თავშესაფრის პოლიტიკაზე.