ორბანი აცხადებს, რომ ენერგეტიკული ობიექტების უკრაინის თავდასხმებისგან დასაცავად ჯარებს განალაგებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ გეგმავს, გამოიყენოს სამხედრო ძალები, რათა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა უკრაინის „მოქმედებებისგან“ დაიცვას. ამის შესახებ მან თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„უკრაინის მიერ ნავთობის ბლოკადის გამო ჩემ მიერ მოწვეული თავდაცვის საბჭოს სხდომა ახლახან დასრულდა. 27 იანვრიდან ნავთობი უნგრეთში „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით აღარ მიედინება. მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ამ უპრეცედენტო შეჩერებას პოლიტიკური და არა ტექნიკური მიზეზები აქვს“, - განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, „უკრაინის მთავრობა ნავთობის ბლოკადით უნგრეთსა და სლოვაკეთზე ზეწოლას ახდენს“, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშები აჩვენებს, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, „უნგრეთის ენერგეტიკული სისტემის მუშაობის შეფერხების მიზნით შემდგომი ქმედებებისთვის ემზადება“.
„ამიტომ მე გავეცი ბრძანება კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებული დაცვის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ პრიორიტეტული ენერგეტიკული ობიექტების მახლობლად განვალაგებთ ჯარებსა და აღჭურვილობას თავდასხმების მოსაგერიებლად. პოლიცია გაძლიერებულ პატრულირებას განახორციელებს დანიშნული ელექტროსადგურების, გამანაწილებელი სადგურებისა და მართვის ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე. საბოლც-სატმარ-ბერეგის ოლქში კი გავეცი ბრძანება დრონით ფრენების აკრძალვის შესახებ. უნგრეთის დაშანტაჟება არ შეიძლება“, - განაცხადა ორბანმა.