Loading data...
ოკუპირებული ყირიმის მახლობლად თურქულ სათევზაო გემზე თავდასხმა განხორციელდა - დაიღუპა ერთი მეზღვაური

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ სათევზაო გემზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც გემი შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ჩაიძირა. დაიღუპა ერთი მეზღვაური, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შესახებ თურქეთის სანაპირო დაცვამ 5 ივნისს განაცხადა.

სანაპირო დაცვის განცხადების თანახმად, გემ Duru 67-ზე „თავდასხმა“ 5 ივნისს რუსეთის მიერ ოკუპირებული სევასტოპოლის დასავლეთით განხორციელდა. განცხადებაში თავდასხმის შესახებ დამატებითი დეტალები არ არის მოცემული.

ხუთი დაჭრილი მეზღვაური სხვა სათევზაო გემის Burak Kaya-ს ეკიპაჟმა გადაარჩინა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი თურქეთისკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

სანაპირო დაცვის გემი, რომლის ბორტზეც სამედიცინო ჯგუფი იმყოფებოდა, Burak Kaya-ს თურქეთის პორტ ინებოლუდან ჩრდილოეთით დაახლოებით 213 კილომეტრში შეხვდა და დაშავებულები ბორტზე გადაიყვანეს.

15-საათიანი მგზავრობის შემდეგ დაჭრილები კასთამონუს პროვინციის დედაქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სააგენტო AP-ის ცნობით, პროვინციის ჯანდაცვის დირექტორმა ფევზი იავუზილმაზმა აღნიშნა, რომ მეზღვაურებს ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ და ერთ-ერთ მათგანს სანაპირო დაცვის გემზე მცირე ოპერაცია ჩაუტარდა.

„ჩვენს ორ პაციენტს შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს, ორს კი ოდნავ უფრო სერიოზული“, - აღნიშნა მან.