ოდესაზე საჰაერო შეტევის შედეგად დაზიანდა სახლი და დაშავდა ორი ადამიანი
რუსულმა ძალებმა 16-17 თებერვალს, ღამით, ოდესაზე დრონებით მასირებული საჰაერო იერიში განახორციელეს. დაზიანდა ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი კორპუსი. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა, კიდევ ერთ რაიონში დაზიანდა მაღაზია და ტექნიკური მომსახურების სადგური. დაშავებულია ორი ადამიანი“, - დაწერა „ტელეგრამში“ ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ლისაკმა.
აფეთქებები მოხდა ასევე ქალაქ დნეპრში და სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში. დნეპრის ერთ-ერთ რაიონში ხანძარი გაჩნდა. საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და რამდენიმე ავტომობილი.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის რეგიონებზე 76 უკრაინული დრონი იყო განადგურებული. კრასნოდარის მხარეში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.