NYT: მაიამიში უკრაინულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების დროს სტივ უიტკოფმა შეხვედრა დატოვა, რათა ტრამპსა და პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს შეერთებოდა
9 ოქტომბერს მაიამიში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები უკრაინის მოლაპარაკებათა ჯგუფს შეხვდნენ. შეხვედრაში ევროპელი ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ. მოლაპარაკებების დროს დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა დარბაზი დატოვა, რათა ტრამპსა და პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს შეერთებოდა. ამის შესახებ The New York Times-ი შეხვედრის მონაწილე წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ორი პირის თქმით, სტივ უიტკოფის გოლფის კლუბში შეხვედრა დაახლოებით ექვს საათს გაგრძელდა. შეხვედრის დიდი ნაწილი იმ საკითხების განხილვას დაეთმო, თუ რა შეიძლება იყოს საჭირო მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებისთვის. რამდენიმე ადამიანის თქმით, ყურადღება გამახვილდა სტანდარტულ საკითხებზე, როგორებიცაა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და ტერიტორიული კონტროლის საკითხი.
შეხვედრაში მონაწილე ერთ-ერთი პირის თქმით, უიტკოფი ერთ მომენტში დარბაზიდან გავიდა, რათა ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარს შეერთებოდა. სამკაციანი უკრაინული მოლაპარაკების ჯგუფის გარდა, შეხვედრას შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერთა მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე, ევროკავშირისა და ნატოს მაღალი თანამდებობის პირები.
თუმცა, გამოცემის ცნობით, ტრამპსა და პუტინს შორის დიზელის შესახებ შეთანხმებამ მოლაპარაკებების დანარჩენი ნაწილი სწრაფად დაჩრდილა.
ერთ-ერთმა უკრაინელმა იკითხა, რას მიიღებდნენ სანაცვლოდ.
შეხვედრის შესახებ ინფორმირებული სამი პირის ცნობით, ამერიკელებმა უპასუხეს, რომ შეერთებული შტატები უკვე ბევრს აკეთებს უკრაინისთვის და არ მართებს რაიმე დათმობაზე წასვლა იმისთვის, რომ უკრაინამ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე იერიშები შეწყვიტოს. შემდეგ ამერიკელებმა აშშ-ის სადაზვერვო დახმარება ახსენეს, რომელიც, მათი აზრით, კიევის სამხედრო ძალისხმევისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ორი წყაროს თქმით, დარბაზში მყოფთაგან ზოგიერთმა ეს ფარულ მუქარად აღიქვა.
შეხვედრაში მონაწილე ევროპელი მაღალჩინოსნები გაკვირვებულები იყვნენ დიზელის საწვავთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით.
ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ბიორნ ზაიბერტმა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, ევროპელ ელჩებს განუცხადა, რომ ფლორიდის შეხვედრიდან გამოტანილი ერთ-ერთი მთავარი დასკვნა ის იყო, რომ ამერიკელები რუსებთან ბევრად უფრო მჭიდრო მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ვიდრე საჯაროდ აღიარებენ.