NYT: ირანი აშშ-ის დიპლომატებისა და პერსონალის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის ემზადება
ორმა მაღალი რანგის ირანელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა The New York Times-ს დაუდასტურა, რომ თეირანი აშშ-ის დიპლომატებისა და პერსონალის წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებისთვის ემზადება.
ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯეი კლეიტონმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ მემორანდუმში აღნიშნა, რომ ირანმა ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ ამერიკელების წინააღმდეგ მოქმედებების განხორციელების მცდელობები „მნიშვნელოვნად გააძლიერა“.
ირანელმა ოფიციალურმა პირებმა, რომელთაგან ერთ-ერთი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) წევრია, The New York Times-ს განუცხადეს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების სამიზნედ ამოღება „სამართლიან თამაშად“ განიხილებოდა, აშშ-სა და ისრაელის მიერ მოკლული ირანელი ოფიციალური პირების რაოდენობის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გაზეთს განუცხადა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც, თეირანს აშშ-ში ჰყავს აგენტები, რომლებიც „უბრალოდ ირანის მოქალაქეები არ არიან“.
კლეიტონის მემორანდუმის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ იორდანიაში, ლიბანში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის საელჩოებში თანამშრომელთა რაოდენობას ამცირებს.
კვირის დასაწყისში ვაშინგტონმა საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩოს არაძირითად პერსონალს და მათ ოჯახებს საუდის არაბეთის დატოვება უბრძანა. გადაწყვეტილება ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების მხრიდან გახშირებულ თავდასხმებს მოჰყვა.