Loading data...
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე: ჩვენ ახალ „იალტას“ არ მივიღებთ

ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოები დარწმუნებულები არიან, რომ ევროპის გაყოფის ნებისმიერი სქემა, როგორიცაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იალტის შეთანხმებები, მიუღებელია. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ევროპამ უნდა დაიცვას და გააგრძელებს კიდეც თავისი პირობების დაცვას, რადგან საქმე მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას არ ეხება.

„მთავარი საკითხი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფაა. ეს უკრაინის მომავლის საკითხია, მაგრამ ეს ასევე ევროპის მომავლის საკითხიცაა“, - განმარტა მან.

„ჩვენ არ მივიღებთ არცერთ ახალ „იალტას“ (შეთანხმებას გავლენის ზონების გაყოფაზე)“, - განმარტა ესპენ ბარტ ეიდემ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა ამჟამად განისაზღვრება როგორც უკრაინის ბრძოლის ველზე, ასევე „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ დროს.

„ომები ყოველთვის მთავრდება, მაგრამ ყველა ომის შემდეგ მოდის ომის შემდგომი ერა და ის ნებისმიერ ომზე დიდხანს გრძელდება. უსაფრთხოების არქიტექტურა არა მხოლოდ ომის შემდეგ, არამედ მის საბოლოო ეტაპზეც შენდება, ამიტომ ჩვენი ამოცანაა უკრაინის სიძლიერის შენარჩუნება“, - განაცხადა მან და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურას უკრაინაში ომი განსაზღვრავს“.