Loading data...
NK News: ჩრდილოეთ კორეამ მოულოდნელად შეამცირა რუსეთისთვის იარაღის მიწოდება

იანვარში ჩრდილოეთ კორეამ მკვეთრად შეამცირა რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, - იტყობინება სამხრეთ კორეული გამოცემა NK News თანამგზავრის სურათებზე დაყრდნობით.

კერძოდ, გამოცემა აღნიშნავს, რომ იანვარში რუსული კონტეინერმზიდების ჩრდილოეთ კორეის პორტებში შესვლის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. სურათების ანალიზმა აჩვენა, რომ ეს, სავარაუდოდ, ორი რუსული გემიდან ერთ-ერთი იყო, რომლებიც ადრე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღით ვაჭრობაში.

რუსული გემის მიერ ჩრდილოეთ კორეის პორტში წინა მსგავსი ვიზიტი 21 დეკემბერს განხორციელდა. მისი გასვლის შემდეგ, კონტეინერები ნავმისადგომთან რამდენიმე დღეში გადმოიტვირთა.

როგორც NK News აღნიშნავს, რუსული გემები, როგორც წესი, ყოველთვიურად, სულ მცირე, სამჯერ ახორციელებდნენ კორეის პორტში ვიზიტს. იანვარში შემცირების მიზეზები უცნობია.

გამოცემის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს, შესაძლოა, უამინდობით იყოს გამოწვეული, რომელიც განსაკუთრებით მძიმე იყო წელს. ანალიტიკოსები, ასევე, არ გამორიცხავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის იარაღის შეძენაზე, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების სავარაუდო დაწყებას ან თავად ჩრდილოეთ კორეაში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას.