Loading data...
ნიკუშორ დანი: რუმინეთს უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ აქვს დაგეგმილი

რუმინეთს უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ აქვს დაგეგმილი, თუმცა მზადაა, შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებით წვლილი შეიტანოს, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა.

„რუმინეთმა აიღო ვალდებულება, რომ არა ჯარები განალაგოს, არამედ უკრაინას ლოჯისტიკური მხარდაჭერა გაუწიოს, ამასთან უკრაინელი სამხედრო პერსონალი რუმინეთში ან სხვა ევროპულ ქვეყნებში შესაბამისი ქვეყნების არმიებთან თანამშრომლობით გაწვრთნას და ერთობლივ შეიარაღების პროგრამებში მონაწილეობა მიიღოს“, - ნათქვამია პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მან აღნიშნა, რომ რუმინეთი მზადაა შავ ზღვაში უსაფრთხოება გააძლიეროს, რათა თავიდან აიცილოს ახალი ომი.

მისივე თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

„სამშვიდობო მოლაპარაკებები კრიტიკულ ეტაპზეა და ჩვენი ერთიანობა და კოორდინაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ყველა მონაწილე მტკიცედ უჭერს მხარს აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულ ძალისხმევას. ჩვენი საერთო მიზანია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე დაფუძნებული სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა. რუმინეთი მზადაა, წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის მრავალმხრივი მხარდაჭერის გაგრძელებით და შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებით“, - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა თავის განცხადებაში.