Loading data...
ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის კათოლიკოს გარეგინ მეორეს გადადგომისკენ მოუწოდა: „ეკლესია დაცული უნდა იყოს კრტიჩ ნერსისიანისგან და სექტანტების სხვა ჯგუფებისგან“

სომხეთში ათი ეპისკოპოსი კათოლიკოს გარეგინ მეორის (კრტიჩ ნერსისიანის) გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა, პარალელურად მის რეზიდენციასთან ეპისკოპოსების მომხრეებიც შეიკრიბნენ.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნარეკ სარგსიანმა განაცხადა, რომ ხუთი ადამიანი პროვოკაციული ქცევის გამო ეკლესიიდან გააძევეს, თუმცა ისინი დაკავებულები არ არიან.

ეპისკოპოსებმა წაიკითხეს განცხადება და კიდევ ერთხელ მოუწოდებს კათალიკოსს, თანამდებობა დატოვოს, ამის შემდეგ კი ტერიტორია დატოვეს.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, იგი მიესალმება და მხარს უჭერს ათი ეპისკოპოსის მოთხოვნას.

„რა მაკავშირებს მე ამ ათ ეპისკოპოსთან? მე და ათი ეპისკოპოსი ვაღიარებთ, რომ ყველანი ვართ დამნაშავეები სომხურ სამოციქულო წმინდა ეკლესიაში არსებულ კრიზისში და პასუხისმგებელი ვართ ამ კრიზისის მოგვარებაზე. დღევანდელი შეკრება ეხება იმ ფაქტს, რომ სომხურ სამოციქულო ეკლესიაში კრიზისია და ამას ვეღარავინ უარყოფს. ეს კრიზისი უნდა მოგვარდეს და ის არ მოგვარდება იქამდე, ვიდრე კტრიჩ ნერსისიანს არ გადააყენებენ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხური სამოციქულო ეკლესია დაცული უნდა იყოს კტრიჩ ნერსისიანისგან და „სექტანტების სხვა ჯგუფებისგან“.

„სომხეთის სამოციქულო ეკლესია უნდა იყოს დაცული კრტიჩ ნერსისიანისგან და სექტანტების სხვა ჯგუფებისგან, რომლებსაც წმინდა ეჩმიაძინი აქვთ ოკუპირებული“, – განაცხადა ფაშინიანმა.