Loading data...
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირთან თავის დღის წესრიგს აფართოებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, მარგარიტის სხინასს უმასპინძლა. 

ფაშინიანის თქმით, სომხეთი ევროკავშირთან თავისი დღის წესრიგის გაფართოებას იწყებს. 

„სომხეთი რეალურად აფართოებს თავის დღის წესრიგს ევროკავშირთან. ქვეყანაში მიმდინარეობს დისკუსიები სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ფაშინიანი. 

მანვე აღნიშნა, რომ ეს არ არის მარტივი საკითხი, თუმცა ის უკვე გახდა სომხეთის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. 

„ამიტომ, აუცილებელია ამ თემას დეტალურად და სრულყოფილად მივუდგეთ. მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის, ჩვენი პარტნიორების შენიშვნებისა და რჩევების მოსმენა“, - განაცხადა ფაშინიანმა. 

თავის მხრივ, სხინასმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ინტერესს სომხეთთან ურთიერთობების განვითარებისა და რეფორმების ხელშეწყობის კუთხით. 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა ვიზალიბერალიზაციის დიალოგთან დაკავშირებით სომხეთის მთავრობასთან ეფექტური თანამშრომლობის შესახებ.