ნიკოლ ფაშინიანი: პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება. ამის შესახებ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ვგმობ ძალადობას, მაგრამ ოპოზიციის წევრობა არ ნიშნავს, რომ ისინი თავხედები უნდა იყვნენ. იმ მომენტში, როდესაც საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ წევრი ტრიბუნიდან შეუფერებლად მოიქცა და მოწოდების მიუხედავად ბოდიში არ მოიხადა, ცხადი გახდა, რომ ყველაფერი სწორედ ასე დასრულდებოდა. მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ოპოზიციას ვაკისრებ“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ინფორმაციისთვის, სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში დაპირისპირება მოხდა.
მმართველი „სამოქალაქო კონტრაქტის“ წევრმა ტარონ ჩახოიანმა სიტყვით გამოსვლისას „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს ნარეკ კარაპეტიანს მიმართა და აღნიშნა, რომ მის ბიძაშვილს ჯერ კიდევ არ მოუხდია ბოდიში საპარლამენტო არჩევნების წინ გაკეთებული კომენტარისთვის, რომლის თანახმადაც „ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქალთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ცალკეული სამინისტროს შექმნას აპირებდნენ“.
ნარეკ კარაპეტიანი ჩახოიანის ტრიბუნას მიუახლოვდა, რის შემდეგაც სომხეთის პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.