Loading data...
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი არ აპირებს რუსეთისთვის ზიანის მიყენებას

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მრავალმხრივია და ეს მიმართულებები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ვფიქრობ, [მოსკოვში ვიზიტის] მთავარი მიზანი ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილებების მოძიება იქნება“, — აღნიშნა ფაშინიანმა ბრიფინგზე, კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ რა არის რუსეთში მისი ვიზიტის მთავარი მიზანი და მოიცავს თუ არა ის რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის საკითხს.

ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ორმხრივ დღის წესრიგში არსებული საკითხების გადაჭრის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ერევნის პოზიციაა, სომხურმა მხარემ ზიანი არ მიაყენოს რუსეთს, ისევე როგორც რუსულმა მხარემ სომხურს. 

ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული საკითხების გადაჭრის გზები არსებობს და აღნიშნა, რომ სომხური მხარის მეგობრული პოზიციის წყალობით, „ურთიერთობებში დაძაბულობა მცირდება“.

მანამდე კი, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტს 3 დეკემბერს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.